მცხეთობა უძველესი დღესასწაული

მცხეთა ქრისტიანობამდე არა მარტო ადმინისტრაციული იდეოლოგიური ცენტრი იყო იბერიის სახელმწიფოსი, აქ იდგა არმაზის, გაცის, გაიმის, ნანას, დანანას და აფროდიტეს კერპები, მათ შორის უმაღლეს ღვთაებად მოიხსენიება ,, ღმერთი ღმერთთა არმაზ “ _ კაცი სპილენძისა, ოქროს ჯაჭვით და ჩაფხუტით შემოსილი, რომელსაც ზურმუხტისა და ბავრილის თვალები ჰქონია: ,, აქვნ და ხმალი ბრწყინვალე ვითარცა ელვა და იქცეოდა ხელთა შინა, უკეთუ ვინმე შეეხებიან თავითვისი სიკვდილად განიწიროს.’’ მას გვერდში ედგნენ ,, კაცი ოქროსი –გაცი და სივერცხლისა –გაიმ.” არმაზის სადიდებლად მცხეთაში გამართულ დღესასწაულს მემატიანე ,,საკვირველებას უწოდებს: ,,საკვირველება მიუწვდომელი და ენით გამოუთქმელი”, ,, გამოვიდოდა ერი ურიცხვი და ამკობდა ყოველთა ფოთოლსა თვითოფერთა სამოსელებითა და ფურცლითა აღივსებოდა მთანი დროშითა და ერითა, ვითარცა ველნი ყვავილთა და იყო ხმა ოხრისა და საყვირისა და ზარი საშინელი გამოვიდოდა.’’ (,,ქართლის ცხოვრება’’) წმინდა ნინო კაბადოკიელის ცხოვრების უცნობი ავტორი აღნიშნავს, რომ ურბნისიდან მიმავალ მენახირეებსა და მწყემსებს დამგზავრებული ნინო ეკითხება თუ საით მიემგზავრებიან და ისინი პასუხობენ, რომ მიდიან მცხეთაში თაყვანისსაცემად ღმერთისა არმაზისა. ,,იმისა შემდგომად დღესა ერთსა წარიმართნენ სიმრავლენი ერთანი მიმავალნი ქალაქად მცხეთისად თაყვანსაცემად ღმერთისა მათისად არმაზად’’. ქრისტიანობის მიღების შემდეგ კიდევ უფრო იზრდება მცხეთის როლი. წმინდა ნინო სამეფო ბაღში აშენებს პირველ ეკლესიას და სვეტიცხოველი ხდება საპატრიარქო ტაძარი. საქართველოს ეკლესიათა მეთაურთა-კათოლიკოს-პატრიარქთა სამყოფელი, სადაც მიმდინარეობდა მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა კურთხევა, ჯვრისწერა, ქართველ უფლისელთა მონათვლა, იქვე ხდებოდა გარდაცვლილ მეფეთა და დედოფალთა დაკრძალვა. ჩვენმა მამა-პაპებმა არ დაკარგეს ის, რაც დააწესეს ჩვენმა წინაპრებმა , მცხეთაში იმართებოდა და იმართება დღესასწაული მცხეთობა – სვეტიცხოვლობა. დღეობას ძველ საქართველოში სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. მოსე ჯანაშვილი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე გაზეთ ,,საქართველოში’’ 1919 წელს წერდა: დღეობები საქართველოში იყო არა მარტო სალოცავი ადგილი , არამედ პატაიებივით თვით პარლამენტიც . იქ ირჩეოდა და წყდებოდა ხშირად დიდდიდი საპოლიტიკო შეკრებები, აქ მთელი თემი ეცნობოდა ერთურთს, სწავლობდა საზოგადო ადათებს, ჩვეულებას, გაიცნობდა თავის მოღვაწეებს, იმართებოდა სავარჯიშოები: ჭიდაობა, სროლა, სირბილში გაჯიბრება, გადახტომა მანძილზე,შუშპარი და მრავალი სხვა. რაღა თქმა უნდა, აქვე ხშირად სასულიერო მოძღვრება გაისმოდა, ხელდახელ მოწყობილ ტრიბუნიდან ხალხს თავს უყრიდა რომელიმე სახორლო ორატორის მჭერმეტყველება, მოწოდება მტერთან ბრძოლად,შრომად მინდორ-ველსა თუ ბაღ-ვენახებში.’’ მცხეთაში ყოველი წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში ტარდებოდა დიდი წირვა, რომლის შემდეგ ტაძრის გალავანში იწყებოდა შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში სადაც თავის ძალას სცდიდნენ ქართველი ფალავნები, ცეკვა-თამაშში,ერთმანეთს ეცნობოდნენ საქორწილოდ შეღერებული ვაჟკაცები და გასათხოვარი ქალიშვილები. ტაძრის ეზოში იშლებოდა სუფრა და იწყებოდა ლხინი. ,,დღეობა იყო ერთგვარი გამაღვიძებელი ღონე ერისა, ყოველსა უნერგავდა იმედს, ასწავლიდა ერთობას, ძლიერებას. იშლებოდა დღეობა სიხარულით, ყველა ბრუნდებოდა შინ განახლებული ხორცით, სულით, მომღიმარი და მოიმედე, რომ გამძვინვარებულ დღეებსაც დასძლევენ თუ გაბედეს და მოესივნენ თავისუფლებას”. Dდასწერდა მ.ჯანაშვილი. ერის ღირსება მისი წარსულითაც განისაზღვრება. საუკუნეებს გამოვლილი ტრადიციები ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია და მისი დავიწყების უფლება არავის არა აქვს: ,,მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.” წერდა დიდი ილია და როგორ შეიძლება არ დაეთანხმო.