მომავალ პროფესიულ დღემდე, მეგობრებო!

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანების შექმნიდან ერთი წელი გავიდა და დაგეგმილი იუბილეს აღნიშვნის დროც დადგა. საიუბილეოდ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ წინასწარ შეიმუშავა ღონისძიების სცენარი. შეირჩნენ ის ღვაწლმოსილი ადამიანები, რომელთა პროფესიული დამსახურება, აღნიშვნის ღირსი იყო. კომისიამ მათი დაჯილდოვების ფორმებზეც იფიქრა და იზრუნა.30 ოქტომბერს რესტორან ,,არმაზში” გაიმართა საიუბილეო ბანკეტი. ამ ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები მუნიციპალიტეტიდან.
სუფრის თამადობა გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გოჩა ქავთარაძემ იტვირთა, ხოლო ღონისძიების გაძღოლა საიუბილეო კომისიის თავმჯდომარემ _ მეგი მამალაძემ.
მოცეკვავეთა და მომღერალთა მოწვევა არსაიდან დაგვჭირვებია იმ ცნობილი მიზეზის გამო, რომ გაერთიანების თანამშრომელთა დიდი ნაწილი თავად არის ხელოვნების რომელიმე დარგის მუშაკი. ასე სცვლიდა სადღეგრძელოს ცეკვა, ცეკვას _ სიმღერა, სიმღერას _ ლექსი, ლექსს _ ვიოლინო...
გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა ქალბატონებმა ნანული თათარაშვილმა, ნუცა მამაცაშვილმა, ელენე ჭილაშვილმა შეკრებილთ მიულოცეს იუბილე და შემდგომი წარმატებები უსურვეს პირად და სამსახურებრივ საქმიანობაში. მათ განსაკუთრებული მადლობა მოუხადეს გაერთიანების გენერალურ დირექტორს ენერგიული და თავდაუზოგავი შრომისათვის და შემდგომშიც სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
დადგა ამაგდარი ადამიანების დაჯილდოვების დროც. ოთხი მათგანი ორმოცდაათწლიანი სტაჟის მქონე მუშაკი გახლდათ. წარმოიდგინეთ, მათ ნახევარი საუკუნე მიუძღვნეს საბიბლიოთეკო სფეროს. თითოეულს გადაეცა სიგელი, ფულადი ჯილდო, საჩუქარი, ყვავილები და გაზეთ ,,სერაფიტას” სპეციალური ნომერი.
ასევე დაჯილდოვდნენ შედარებით მოკრძალებული სტაჟის მქონე თანამშრომლები. მათაც სიგელი და ყვავილები გადასცეს. იყო ტაში, იყო ღიმილი, იყო სიხარულის ცრემლიც.
სამწუხაროდ, იყო მწუხარების ცრემლიც. ამ ერთ წელიწადში თანამშრომელთა გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილიც.
ცეკვა ქართულით დაიწყო საზეიმო გამოსვლები. კოლექტივის წინაშე ნინო იმერლიშვილი და მერაბ გულბათაშვილი წარდგნენ.
ანსამბლმა ,,ნანინამ” ქართული ჰანგით დაატკბო შეკრებილი საზოგადოება.
საიუბილეო ტორტი პირველად თავად გენერალურმა დირექტორმა გაჭრა.
მანანა არქიელიძე საყვარელ მელოდიას უკრავდა.
ცეკვავდნენ პროფესიონალები და მოყვარულები.
სადღეგრძელოებსა და გამოსვლებს შორის კომპიუტერული ცენტრის თანამშრომლები წარადგენდნენ თითოეულ მუშაკს.
ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ გურამ არქიელიძემ ყველა თემატურ სადღეგრძელოს შესატყვისი ლექსი მოაყოლა.
გაერთიანების იუბილე ერთ კონკრეტულ იუბილეს დაემთხვა: 30 ოქტომბერი მუხრანის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონ მანანა ხაჩიძის დაბადების დღეც არის. ამიტომაც მან კოლექტივის მილოცვა მიიღო და თავად კი დარბაზს სიმღერები უძღვნა.

დასასრულ, დაიძახეს, მემაშხალეები გველოდებიანო და გიგა ხუბერაშვილისა და გიორგი ქავთარაძის მოწყობილმა ფეიერვერკმა საზოგადოება კიდევ უფრო გაამხიარულა.
სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, ერთი წლის იუბილეს აღნიშვნისადმი ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილებმაც კი, კარგად მოიმხიარულეს ამ თავყრილობით და საკუთარი შეხედულებებიც გადააფასეს.
მომავალ 30 ოქტომბრამდე, მეგობრებო! გენერალური დირექტორის ბრძანებით, ეს დღე გაერთიანების დღედ გამოცხადდა.